„ტორპედო“ ჩხეტიანმა ავარჯიშა - 20 ივნისს გუნდს ოფიციალურად უნდა ჰყოლოდა ლიცენზირებული მწვრთნელი, თორემ სანქციები ემუქრებოდა #1TVSPORT
„გუნდმა დღეს თამაშამდე ბოლო ვარჯიში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართა“. ქუთაისის „ტორპედოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ ცნობაში არაფერი საინტერესო იქნებოდა, რომ არა გამოქვეყნებული ფოტო – გუნდმა წინასამატჩო ვარჯიში კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ჩაატარა.
ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველ შეხვედრას „ტორპედო“ ქუთაისში ჩაატარებს – 22 ივნისს, გუნდი „რამაზ შენგელია – არენაზე“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრამდე ქუთაისის „ტორპედოს“ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შეექმნა, რაც გუნდის გულშემატკივრების მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადებიდან გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელში ჯგუფმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ გუნდში არსებულ პრობლემები გაასაჯაროვა – მათ შორის, მწვრთნელთან დაკავშირებული პრობლემაც.
„20 ივნისს გუნდს უკვე ოფიციალურად უნდა ჰყავდეს ლიცენზირებული მწვრთნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული სანქციები გველის“, – წერდნენ ქუთაისელი გულშემატკივრები.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა ბაბუნაშვილს სამწვრთნელო ლიცენცია აქვს, მაგრამ არა იმ კატეგორიის, რომ ეროვნული ლიგის გუნდი გაწვრთნას. კახა ჩხეტიანი კი გუნდს დიდი ხანია, რაც ეხმარება, მაგრამ გუნდში მისვლას და ოფიციალურად დანიშვნას ერიდებოდა, სანამ გუნდში ვითარება არ გაირკვეოდა.
ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოსთან“ სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის გარეშე ვერ გავიდოდა. ჩხეტიანის გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გამოჩენა ამან განაპირობა, მაგრამ რამდენად ხანგრძლივი იქნება მისი თანამშრომლობა კლუბთან, რომელმაც ბოლო წლებში ყველა ტიტული მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა, ძნელი სათქმელია.