ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად მორიგი 3 ქულა მოიპოვა და სამეულს მჭიდროდ მიუახლოვდა.
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 30-ე ტურის ბოლო შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა – მოქმედ ჩემპიონს თბილისის „ლოკომოტივმა“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გახსნა და ქუთაისელები დააწინაურა 0:1. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და „ტორპედომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საინტერესოა, რომ ამ გუნდების გამოტოვებული შეხვედრა 11 დღის წინ ქუთაისშიც გაიმართა და მაშინაც „ტორპედომ“ მოიგო – 3:1. ქუთაისელებმა 52 ქულა დააგროვეს და მესამედგილოსან „ჩიხურას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. მათ საჩხერელებზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული და გასწრების თეორიული შანსი გააჩნიათ. აქვე ვიტყვით, რომ „ტორპედომ“ წაუგებელი სერია 13-მდე გაზარდა. „ლოკომოტივი“ კი 33 ქულით მეექვსეზეა და დიდი ალბათობით, ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.