ქუთაისის „ტორპედომ“ უკრაინიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა – გუნდის ახალწვეული ჩერნიგოვის „დესნას“ 29 წლის ნახევარმცველი ლევან არველაძე გახდა, რომელიც ქუთაისელებს უკვე შეუერთდა. ის იმერული კლუბის რიგებში 18️-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ლევან არველაძე თბილისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში ექვსი წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკში“ თემურ ფოცხვერიასთან დაიწყო. 2007 წელს, 13 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და მას შემდეგ უკრაინაში თამაშობს – დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ აკადემიის აღზრდილი გუნდი დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს, შემდეგ თამაშობდა „კრივბასში“, ჩერნიგოვის „დესნაში“, ლუგანსკის „ზორიაში“. ბოლო სეზონში ისევ „დესნაში“ გამოდიოდა.
„ზორიაში“ ლუგანსკის გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა მიიწვია, არველაძის თამაშით აღფრთოვანებული იყო – ეს ის უკრაინელი სპეციალისტია, რომლის ხელმძღვანელობითაც მიმდინარე ევროსეზონში „შერიფი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ქვეყნის დამცველთა რიგებს შეუერთდა.
ლევან არველაძეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სისტემატურად იწვევდა გიორგი დევდარიანი, სადაც ის თამაშობდა ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას, დათო ხოჭოლავას, დავით სხირტლაძის და ლაშა პარუნაშვილის გვერდით. უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მიიწვიეს, მაგრამ არ უთამაშია.
უკრაინიდან ქუთაისის „ტორპედომ“ პირველად ბექა ვაჩიბერაძე დაიმატა, რომელიც ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა.