ტორონტომ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ორი საგარეო მარცხის შემდეგ, ტორონტო „რეპტორსმა“ მეორე საშინაო დაპირისპირებაც მოუგო მილუოკი „ბაქსს“. ამჯერად, კანადურმა კლუბმა უშანსოდ დაამარცხა მეტოქე, ამგარიშით 120:102. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ოთხივე მეოთხედში აჯობეს მოწინააღმდეგეს, რაც კალათბურთში საკმაოდ იშვიათია.

ტორონტოელებმა გუნდური თამაშით მოიპოვეს მთავარი უპირატესობა. ძირითად ხუთეულს სათადარიგო მოთამაშეებმაც აუბეს მხარი. მასპინძელთა მთავარი პლიუსი სწრაფი შეტევები იყო, რასაც „ბაქსმა“ ხისტი დაცვით უპასუხა. ბოლო წუთები სრული ფორმალობა იყო.

გამარჯვებულთა შორის 25 ქულით კაილ ლაური გამოირჩა. 19 ქულა მოაგროვა კავაი ლეონარდმა. ორმაგი დუბლი შეასრულა სერჯ იბაკამ. წარმოშობით კონგოელმა კალათბურთელმა 17 ქულა და 13 მოხსნა დააფიქსირა. სტუმართა შემადგენლობაში კარგი მატჩი ჰქონდა კრის მიდლტონს, რომელმაც 30 ქულა გააკეთა. იანის ანტეტუკონმპოს მონაგარმა 25 ქულა და 10 მოხსნა შეადგინა.

სერიაში ანგარიში თანაბარია – 2:2. მომდევნო შეხვედრა მილუოკის „ფისერვ ფორუმში“ 24 მაისს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებულს სუპერფინალში მოქმედი ჩემპიონი, გოლდენ სტეიტ „უორიორსი“ ელოდება.