ტორონტომ ფილადელფია გაანადგურა და კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა, დენვერის დამაჯერებელი გამარჯვება პორტლენდთან
10:39, 08.05.2019
ტორონტო „რეპტორსს“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალისგან ერთი მოგება აშორებს. კანადურმა კლუბმა დღეს დილით ფილადელფია საკუთარ „ეარ კანადა ცენტრში“ ანგარიშით 125:89 გაანადგურა და სერიაში ანგარიშით 3:2 დაწინაურდა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი ანგარიშით 37:17 მოიგეს, რის შემდეგაც მეტოქეს არანაირი შანსი აღარ დაუტოვეს და მიმდინარე სერიაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს. „რეპტორსს“ ამჯერად პასკალ სიაკამმა უწინამძღოლა. კამერუნელმა კალათბურთელმა 25 ქულა და 8 მოხსნა შეასრულა. კავაი ლეონარდის ანგარიშზე ორმაგი დუბლი დაფიქსირდა. ტორონტოს ლიდერმა, 22 ქულასთან ერთად, 13-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. სტუმართა შორის ჯიმი ბატლერი გამოირჩა 22 ქულით. წყვილის მეექვსე დაპირისპირება, 10 მაისს, ფილადელფიაში ჩატარდება.
დასავლეთ კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა დენვერ „ნაგეტსი“. კოლორადოელებმა სერიის მეხუთე შეხვედრაში, საკუთარ „პეპსი ცენტრში“, პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ უშანსოდ დაამარცხეს, ანგარიშით 124:98. გარდამტეხი მატჩის მეორე და მესამე პერიოდები გამოდგა, რომლებშიც მასპინძლებმა ჯამში 22-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. „ნაგეტსის“ ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა თამაში 25 ქულით, 19 მოხსნითა და 6 გადაცემით დაასრულა. კვლავ დამაჯერებელი იყო პოლ მილსეპი. გამოცდილმა ფორვარდმა 24 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. სტუმართა შემადგენლობაში დემიენ ლილიარდი გამოირჩა 22 ქულით. დენვერი სერიაში დაწინაურდა – ანგარიშით 3:2. მეექვსე შეხვედრა პორტლენდის „მოდა ცენტრში“ შედგება და „ტრეილ ბლეიზერსს“ წაგების უფლება აღარ აქვს.