„ტორონტო რეპტორსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. კანადურმა კლუბმა მეხუთე შეხვედრა გასვლაზე, „მილუოკი ბაქსს“ მოუგო და საერთო სერიაში 3:2 დაწინაურდა. მეექვსე დაპირისპირება ტორონტოს „ეირ კანადა ცენტრში“ ჩატარდება.
გუშინდელი მატჩი მასპინძლებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ, ათ ქულიანი უპირატესობა მიიღეს. სტუმრები დიდი ხნის მანძილზე მდევრის როლში იყვნენ. გადამწყვეტი მომენტი მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის სტარტზე დადგა, როდესაც სტუმრებმა ხისტი და აგრესიული დაცვით „ბაქსს“ დროის ამ მონაკვეთში თოთხმეტიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდებინეს.
კავაი ლეონარდს, რომელმაც 35 ქულით, 9 გადაცემით და 7 მოხსნით ულიდერა თავის გუნდს, დიდი დახმარება გაუიწია ვან ვლეეტმა. „რეპტორსის“ სათადარიგო მსროლელმა ცხრიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულა მოაგროვა კაილ ლოურიმ. ორმაგი დუბლი დაფიქსირდა პასკალ სიაკამის ანგარიშზე (14 ქულა და 13 მოხსნა). „ბაქსის“ შემადგენლობაში საუკეთესო იანის ანტეტუკონმპო გახლდათ, რომელმაც 24 ქულა გააკეთა.
„ტორონტომ“ საბოლოოდ, ანგარიშით 105:99 გაიმარჯვა და 26 მაისს, საკუთარ დარბაზში გამარჯვების შემთხვევაში, სუპერფინალის საგზურს გაინაღდებს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში მოგებულს „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ ელოდება. მოქმედმა ჩემპიონმა დასავლეთის ფინალური სერია – 4:0 მოუგო „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“.