„ტორონტო“ შეუჩერებელია, „ლეიკერსმა“ რთული მატჩი მოიგო [ვიდეო]
10:54, 08.11.2018
„ტორონტო რეპტორზი“ ბრწყინვალე ფორმაშია. კანადურმა კლუბმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში, 11-ე მატჩი მოიგო. კანადელებმა ამჯერად, „საკრამენტო კინგზი“ გასვლაზე, ანგარიშით 114-105 დაამარცხეს. კავაი ლეონარდმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფრომა. გუნდის ლიდერმა 25 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. სტუმრებმა თავიდანვე აიღეს სოლიდური ჰანდიკაპი და ბოლო მეოთხედის წინ 16 ქულას იგებდნენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში „რეპტორზსს“ საუკეთესო მაჩვენებლი აქვს – 11 მოგება და მხოლო ერთი მარცხი, მთლიანად ლიგაში კი ტორონტოელები „გოლდენ სტეიტთან“ ერთად გამოირჩევიან, მოქმედ ჩემპიონს პირად აქტივში მოგება-წაგების ბალანსი 10/1-ზე აქვს.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ და „მინესოტა ტიმბერვულვზის“ შეხვედრა, რომელშიც კალიფორნიელთა გამარჯვება დაფიქსირდა, 114-110. თამაში ბოლო წამებამდე თანაბარი და დაძაბული გამოვიდა. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა: 24 ქულა 10 მოხნსა და 9 შედეგიანი გადაცემა. დამაჯერებელი იყო კაილ კუზმაც. ახალგაზრდა ფორვარდმა 21 ქულა მიითვალა აქტივში. „მინესოტას“ დერეკ როუზმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ „ტიმბერვულვზმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და დასავლეთში 13-ე ადგილამდე დაქვეითდა. რაც შეეხება „ლეიკერსს“ ლუკ უოლტონის გუნდი პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა.