თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ უშუალო კონკურენტ „მილანს“ სძლია #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ უშუალო კონკურენტ „მილანს“ სძლია #1TVSPORT

ბოლონიის „ვირტუსში“ გადასვლის შემდეგ თორნიკე შენგელიამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გამართა. მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ „მილანს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით, 83:65 გაიმარჯვა.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომლის შემდეგაც ბოლონიელები 22 ქულით დაწინაურდნენ (71:49). ბოლო რაუნდში კი, მიღწეულის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

გამარჯვებაში თორნიკე შენგელიას წვლილიც დიდი იყო. მას ტრიბუნებიდან საქართველოს დროშებით ამხნევებდნენ.

თორნიკემ 27 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. „ვირტუსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფრანგი აიზია კორდინიე იყო.

ამ მოგებით ბოლონიელებმა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცეს, ორი მოგებით უსწრებენ მეორეადგილოსან „მილანს“. დარჩენილ ექვს ტურში ფორმაში შესულ ვირტუსელებს ლიდერობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ.