თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საფრანგეთში პრინციპული მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. საფრანგეთში „ბურჟთან“, ევროთასზე, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას 13 ქულით ჩამორჩებოდა, საბოლოოდ 22-ქულიანი გამარჯვების მოპოვება მოახერხა (90:68).
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა შედეგიანი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. მან მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
სხვა საქმეა, რომ მატჩი საუკეთესო ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი სწორედ შენგელია იყო. ის მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა და ზურგსუკან გაუკეთა პასი ჯაკარ სემპსონს, რომელმაც ბურთი ჩატენა და მეტოქე აიძულა, დაჯარიმებულიყო. საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ბოლონიელებმა 27:8 მოიგეს.
„ვირტუსმა“ 11 გამარჯვება, 7 მარცხი მოაგროვა და ევროთასის B ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. შენგელიას და მის თანაგუნდელებს ტურნირის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, მათი მომდევნო მეტოქეების ვინაობა კი პირველი ეტაპის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.