თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბარსელონა“ სტუმრად დაამარცხა და ევროლიგის საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-17 მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები ესპანეთში „ბარსელონას“ ესტუმრნენ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 83:75.
შეხვედრის უმეტეს დროში „ვირტუსი“ ლიდერობდა, თუმცა ბოლო წუთებზე „ბარსამ“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. სწორედ ამ მომენტში ჩააგდო სამქულიანი იტალიელთა გამთამაშებელმა მილოშ ტეოდოშიჩმა და საფინალო სირენამდე 2:34 წუთით ადრე სხვაობა ექვს ქულამდე გაზარდა (76:70). სერბ გამთამაშებელს შედეგიანი გადაცემა თორნიკე შენგელიამ გადააწოდა, რომელმაც ბარსელონაში ჯამში 6 პასი შეასრულა. გარდა ამისა მის ანგარიშზე (20 წუთში) იყო 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მისი თანაგუნდელი იფე ლინდბერგი გახდა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.
„ვირტუსს“ 17 მატჩიდან 8 აქვს მოგებული და საპლეიოფო ზონაში (რვა გადის) მყოფ გუნდებს ერთი მოგებითღა ჩამორჩება. თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 10 იანვარს „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამართავს.