თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ბოლონიის „ვირტუსი“, რომელშიც თორნიკე შენგელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „მილანთან“ სტუმრად 82:92 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პარკეტზე ჯამში 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. შენგელიამ შვიდიდან ოთხი ორქულიანი და ცხრიდან რვა საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
დაპირისპირების ბომბარდირი „მილანის“ უკანახაზელი შაბაზ ნაპიერი გახდა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. მას სათანადოდ დაეხმარნენ დევონ ჰოლი (15 ქულა) და შავონ შილდსი (13 ქულა). რაც შეეხება „ვირტუსს“, ბოლონიელთაგან საუკეთესო მარკო ბელინელი იყო 19 ქულით, ხოლო მილოშ ტეოდოშიჩმა 15 ქულასა და 5 შედეგიან პასს მოუყარა თავი.
იტალიის Lega A-ს ფინალური სერია ოთხ მოგებამდეა და მეორე შეხვედრას, რომელიც 11 ივნისს ჩატარდება, კვლავ „მილანი“ უმასპინძლებს.