თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, სერჯო სკარიოლოს ადგილი ლუკა ბანკიმ დაიკავა.
იტალიელი სპეციალისტი „ვირტუს ბოლონიაში“ 2025 წლის ივნისამდე დარჩება. 58 წლის ბანკიმ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ლატვიის ნაკრები მეხუთე ადგილზე გაიყვანა. კარიერის მანძილზე ის სხვადასხვა ევროპულ კლუბში მუშაობდა.
სერჯო სკარიოლოს ბოლონიური კლუბის ხელმძღვანელებთან კონფლიქტი ჰქონდა. მან განაცხადა, რომ კლუბში სატრანსფერო პოლიტიკა მისი ჩარევის გარეშე მიმდინარეობდა.
23 სექტემბერს ბანკის „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. ეს ის გუნდია, რომელმაც შენგელია და მისი თანაგუნდელები გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში დაამარცხა.