თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატში „ვენეციასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 84:85 დამარცხდა.
მატჩი ვენეციელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 23:15 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედში „ვირტუს ბოლონიამ“ შეხვედრაში ეტაპობრივად დაბრუნება მოახერხა. ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეოთხე მეოთხედში, როდესაც „ვენეცია“ 10 ქულითაც კი იყო წინ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს – 80:80.
ოვერტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე ქართველი კალათბურთელის გუნდი წინ იყო – 84:83, თუმცა „ვენეციის“ მოთამაშემ, კანადელმა ვილტიერმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
თორნიკე შენგელია კვლავ „ვირტუსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მან მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან თამაშიდან 10-ჯერ შეუტია ფარს, საიდანაც 5 ტყორცნა ზუსტი იყო.
ამ მომენტისთვის „ვირტუს ბოლონიას“ Lega A-ში 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა.