თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე „ცრვენა ზვეზდასთან“ ოვერტაიმში 84:86 დათმო.
არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა, შენგელია ჯარიმებით რომ არ დატვირთულიყო და ბოლოს ხუთი ფოლის გამო მოედანი არ დაეტოვებინა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა. მან თითო ორქულიან-სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
დანიელ ჰაკეტმა 29 ქულა ჩააგდო, მეოთხე პერიოდში „ცრვენა ზვეზდას“ კალათში 5 სამქულიანი მოათავსა, თუმცა მისი გარჯა ამაო გამოდგა.
„ცრვენა ზვეზდას“ გამარჯვება ჯორდან ლოიდის დამსახურებაა, რომლის ანგარიშზე 31 ქულა დაფიქსირდა.
ასე და ამგვარად, ცსკა-ს ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 3 წაგება და 2 მოგება აქვს, და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს „ვალენსიასთან“ შინ გამართავს.