თორნიკე შენგელიას ნაკრებში ჩამოსვლის ალბათობა გაიზარდა, თად მაკფადენი ტრავმირებულია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები 11 და 14 ნოემბერს ელის. პირველ შეხვედრას ისლანდიაში გამართავს, მეორეს – თბილისში, იტალიასთან.
ამ თამაშებისთვის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა ევრობასკეტის შემდეგ სერიოზული ცვლილებები რომ იქნება, ცხადია. დავიწყოთ იქიდან, რომ ვერ ითამაშებენ NBA-ელები – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. შუა სეზონში NBA-დან ევროპაში კალათბურთელებს არ უშვებენ.
როგორც წესი, არც ევროლიგელები თამაშობენ შესარჩევებს, თუმცა გასულ სეზონში გამონაკლისი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა – მას მოსკოვის ცსკა-სთან ჰქონდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც თუ ევროლიგისა და ნაკრების მატჩები ერთსა და იმავე დღეს არ გაიმართებოდა, კლუბი მას საქართველოში გამოუშვებდა.
თორნიკეს ამ ზაფხულსაც სურდა ახალ კლუბთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაშიც იგივე პუნქტი ჩადებულიყო. საბოლოოდ მან ბოლონიის „ვირტუსთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების თავკაცი სერჯიო სკარიოლო წვრთნის.
ის უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა: 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი იტალიას ეთამაშება. ამავე დღეს იყო დანიშნული ევროლიგის მატჩი „ვირტუსსა“ და „მილანს“ შორის. თუმცა, პირველ რიგში, ურთიერთმოლაპარაკების შედეგად მატჩი გადაიტანეს და 11-ის ნაცვლად 9 ნოემბერს გაიმართება. რაც კალათბურთელებს საშუალებას მისცემს, კლუბიდან გათავისუფლდეს და ნაკრებს შეუერთდეს.
ცხადია, ამას გააკეთებს სკარიოლო. ასევე ველით ნაკრებში კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც 24 აგვისტოს მიღებული ტრავმის შემდეგ მომჯობინდა და მის მოედანზე დაბრუნებას 27 ოქტომბერს „რეალთან“ ევროლიგური მატჩისთვის ელიან.
თუმცა, სწორედ 27 ოქტომბერს მივიღეთ არასასიამოვნო ინფორმაცია – მყესები აქვს გაჭიმული ნატურალიზებულ თად მაკფადენს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „მურსიასთან“ მატჩი გამოტოვა. როდის დაუბრუნდება მოედანს ჯერ უცნობია, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ 11-მდე მწყობრში ჩადგება და საქართველოს ნაკრებს ისლანდიაში დაეხმარება.
საქართველოს ნაკრებს 6 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და ერთი მოგებით ჩამორჩება ისლანდიას, რომელიც მესამე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ საუკეთესო ტრიო გადის.