თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [ვიდეო]
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში შეწყდა “ბასკონიას” 10-მატჩიანი მოგებათა სერია. 27-ე ტურის ბოლო მატჩში, თორნიკე შენგელიას გუნდი სტუმრად ეთამაშებოდა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ “ვალენსიას” და დამარცხდა.
“ვალენსიამ” მატჩი უკეთ დაიწყო და პირველ მეოთხედში 11 ქულით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ “ბასკონიამ” პირველი და მეორე 10-წუთეულების მიჯნაზე 24:5 გაქცევა მოაწყო და 14 ქულით გავიდა – 42:28.თუმცა, სტუმრებმა დიდ შესვენებამდე ქულა ვეღარ აიღეს, “ვალენსიამ” საპასუხო სპურტი (11:0) მოაწყო და შესვენებაზე “ბასკონიას” უპირატესობა მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა.
ეს სხვაობა არც მესამე მეოთხედის შემდეგ შეცვლილა. სამწუხაროდ, შენგელიას გუნდმა ჩააგდო ბოლო 12-წუთეულის დასაწყისი და ცხრა ქულით ჩამორჩა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა, ერთხელ ორ ქულამდეც შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 77:81 (18:23, 24:16, 16:16, 19:26).
რაც შეეხება შენგელიას სტატისტიკას, მან თითქმის 20 წუთი ითამაშა და რვა ქულა, ორი მოხსნა და ერთი შედეგიანი პასი ჰქონდა.
27-ე ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში პლეი ოფის ზონა ასე გამოიყურება:
1. რეალი – 24 მოგება/3 წაგება
2. ბასკონია – 19/8
3. ბარსელონა – 19/8
4. ვალენსია – 18/9
5. უნიკახა – 16/11
6. ანდორა – 15/12
7. მურსია – 15/12
8. გრან კანარია – 15/12.