თორნიკე შენგელიას 19 ქულა სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე მეოთხე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. იტალიელებმა სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლეს და 85:79 მოიგეს.
მთელი მატჩის განმავლობაში წინ „ვირტუსი“ იყო, თუმცა სერბული კლუბი ბოლო წუთამდე იბრძოდა და თამაშიც სანახაობრივი გამოვიდა.
„ზვეზდას“ რიგებში ექს-ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი თამაშობდა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა. სამაგიეროდ შენგელია იყო ერთ-ერთი გამორჩეული: 30 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი სერბული გუნდის ამერიკელი ლეგიონერი ნეიპიე გახდა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი.
„ვირტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის ჩემპიონატში 22 ოქტომბერს „სასარის“ წინააღმდეგ გამართავს.