ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარულში ბოლოსწინა ტური მიმდინარეობს. უკვე ჩაატარა თავისი შეხვედრა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. მან შინ მიიღო “ბურგოსი” და 20 ქულით მოიგო – 102:82.
გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო შენგელია, რომელმაც მხოლოდ 20 წუთი და 50 წამი ითამაშა და ამ დროში მოასწრო 16 ქულის (5/9 – ორქულიანი, 0/1 – სამქულიანი, 6/6 – საჯარიმოები), 1 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება.
33 ტურის შემდეგ, „ბასკონიას“ 24 მოგება და 9 წაგება აქვს და მხოლოდ ლიდერ „რეალს“ ჩამორჩება.
ასევე ითამაშა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. მან ერთი ქულით მოუგო შინ პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს “ანდორას” – 87:86. შერმადინმა 8 წუთი და 39 წამი ითამაშა, არც ერთი ტყორცნა არ შეუსრულებია, არც ერთი მოხსნა არ ჰქონია და ერთადერთი შედეგიანი პასი შეასრულა.