ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეექვსე მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიურმა კლუბმა ისრაელის „მაკაბის“ უმასპინძლა და 78:73 დაამარცხა. ეს გახლდათ ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ „ვირტუსის“ ზედიზედ მეორე მოგება.
თორნიკემ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. იგი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 12 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო დაფიქსირდა. გარდა 12 ქულისა, შენგელიამ 2-2 მოხსნა-ჩაჭრა და თითო-თითო პასი-დაფარება გაიფორმა.
თოკოს გუნდში მასზე მეტი მხოლოდ დანიელ ჰაკეტმა და მილოშ ტეოდოშიჩმა ჩააგდეს. ორივემ 15-15 ქულას მოუყარა თავი.
14 ტურის შემდეგ ბოლონიის „ვირტუსს“ 6 მოგება, 8 წაგება აქვს და მეცამეტე ადგილზეა. პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადის. საპლეიოფო ზონაში მყოფ კლუბებს „ვირტუსი“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.