თორნიკე შენგელიას იმ გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომლის ღირსებასაც 2014 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იცავდა. მოსკოვის ცსკა-ს მაისურით ქართველი ფორვარდი „ბასკონიას“ ევროლიგაში დაუპირისპირდა და არმიელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.
მოსკოვში გამართული დაძაბული, დრამატული მატჩი, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა, ცსკა-მ 89:86 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა ანგარიშით 71:82 ჩამორჩენილმა ბასკონიელებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 82:82. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 40 წამში, მოსკოველები გონს მოეგენ და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება მოახერხეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში, თორნიკემ 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. პასივში 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა და ის ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ დარენ ჰილარდს ჩამორჩა, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. „ბასკონიაში“ 19 ქულით საუკეთესო იყო იუსუფა ფოლი, პიეირა ჰენრიმ 17 ქულა მოაგროვა.
5 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მოსკოველები ლიეტუვაში, კაუნასის „ჟალგირისთან“ გამართავენ.
gbf.ge