თორნიკე შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად ევროთასი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროთასი მოიგო. ეს დონით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა ევროლიგის შემდეგ. თორნიკე და დენი ჰაკეტი ამ ზამთარს ცსკა-დან ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდნენ, გუნდი იმდენად გააძლიერეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ფავორიტადაც იქცნენ და ევროთასი დამაჯერებელი თამაშით მოიგეს. „ვირტუსმა“ ფინალში „ბურსასპორი“ 80:67 დაამარცხა.
ბოლონიურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 25:12 მოიგო, რის შემდეგაც „ბურსასპორმა“ გადასწრება ვეღარ მოახერხა, თუმცა ბოლომდე ებრძოლა და მასპინძლებს მოდუნების საშუალება არ მისცა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თოკოს გუნდელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.