თორნიკე შენგელიამ ვენეციას 19 ქულა ჩაუგდო და იტალიის თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის თასის 1/2-ფინალშია. ბოლონიელებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს „ვენეცია“ – 82:68.
ანგარიშში სხვაობა საკმარისად დიდია, თუმცა აღსანიშნია, რომ „ვირტუსი“ საწყისი ორი პერიოდის მერე მარცხდებოდა… თუმცა, მესამე პერიოდიდან, თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით, ვირტუსელებმა თამაში გამოასწორეს და ნახევარფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ.
თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 19 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი. ბოლონიაში მასზე მეტი მხოლოდ მარკო ბელინელიმ ჩააგდო – 21 ქულა.
1/2-ფინალი 18 თებერვალს გაიმართება. „ვირტუსი“ „ტორტონასა“ და „ტრენტინოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. გათამაშების ფავორიტი „მილანი“ მეოთხედფინალში ბრეშასთან დამარცხდა. ბრეშელები ნახევარფინალში „პესაროს“ დაუპირისპირდებიან.