წინასასეზონო მზადების პროცესში მყოფმა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მორიგი შეხვედრა გამართა და კვლავ გაიმარჯვა. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე ერთ-ერთი გამორჩეული რუსული კლუბი პეტერბურგის „ზენიტი“ იყო. ანგარიშში ექვსქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – ცსკა-მ 78:72 იმარჯვა.
მატჩი ზენიტელების უპირატესობით დაიწყო. ისინი პირველ მეოთხედში 29:17 დაწინაურდნენ, თუმცა შენგელიას თანაგუნდელებმა მეოთხე პერიოდში მოახერხეს გარდატეხის შეტანა და მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამ დროში მან 7 ქულა და 2-2 მოხსნა-ჩაჭრა მიითვალა. 23 ქულით მატჩის ბომბარდირი ცსკა-ს გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი გახდა.
ცსკა-ს მომდევნო მატჩი 7 სექტემბერს პოდმოსკოვიეს „ხიმკისთან“ ელის. შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადების პროცესში თოკოს თანაგუნდელებმა „ხიმკი“ ერთხელ უკვე დაამარცხეს (99:83).