თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ბოლონიაში გამართა. მისმა „ვირტუსმა“ ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო – მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა ბოლო პერიოდი ბალტიისპირელებმა უკეთ ჩაატარეს და 82:79 გაიმარჯვეს.
შენგელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო: 31 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი შეასრულა. ბოლონიელთაგან მასზე მეტი მხოლოდ ჯორდან მიკიმ ჩააგდო – 18 ქულა.
მატჩის ბომბარდირი კი ჟალგირისელი კენან ევანსი გახდა – 25 ქულა. მან 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. სხვათა შორის, პერიმეტრიდან ტყორცნებში მთლიანად „ჟალგირისს“ ჰქონდა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (19-დან 11 სამიანი გამოიყენა), რაც ლიეტუვური გუნდის გამარჯვების საწინდრად იქცა.
„ვირტუსი“ ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.