მოსკოვის ცსკა-ს საიტზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ კლუბის ხელმძღვანელობასთან მიაღწია კონტრაქტის გაწყვეტის შეთანხმებას.
„თორნიკეს მოწვევისას გვეიმედებოდა მისი მებრძოლი ხასიათისა და ქარიზმატულობის. მან მოლოდინი გაამართლა. შეგახსენებთ, რომ მის ცსკა-ში გადასვლას დიდი კრიტიკა მოჰყვა… შენგელია მომავალი თაობისთვის მაგალითია – პროფესიონალიზმში; ოჯახთან, პარტნიორებთან, მეტოქეებთან ურთიერთობაში; საკუთარი ქვეყნის სიყვარულში. ისღა დაგვრჩენია, გაგებით მოვეკიდოთ მის საზოგადოებრივ და ოჯახურ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, ასეთ კალათბურთელზე ბევრი კლუბი ოცნებობს. თორნიკე კი ახალ გუნდში თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს“, – ასე გამოეხმაურა შენგელიას წასვლას ცსკა-ს პრეზიდენტი ანდრეი ვატუტინი.
მოსკოვური კლუბის მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი:
„საოცარი ორი წელი იყო. სამწუხაროდ, თანამშრომლობა დროზე ადრე შეწყდა. წარმატებებს ვუსურვებ. ასეთ ადამიანთან და კალათბურთელთან მუშაობა დიდი პატივი იყო“.
ყოფილ კლუბს მადლობა გადაუხადა თორნიკე შენგელიამ:
„მეამაყება, რომ ასეთი კალათბურთელების გვერდით ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. გულდასაწყვეტია, რომ ჩემი წასვლა კალათბურთს არ უკავშირდება, თუმცა ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა ავირჩიოთ. ახლა მომავალზე ვარ ორიენტირებული. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს დიმიტრის იტუდისის ხელმძღვანელობით“.
უახლესი ინფორმაციით თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდა.