თორნიკე შენგელია - ვგრძნობდი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - ვგრძნობდი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მოსკოვის ცსკა დატოვა და ამჟამად იტალიური „ვირტუსის“ ღირსებას იცავს. ბერძნულმა გამოცემა gazzetta-მ მასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც თორნიკე ცსკა-დან წამოსვლის მიზეზებზე ლაპარაკობს.

„ყველა ამბობს, რომ რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. ეს ასე არ არის. ვგრძნობდი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხის წინაშე იყო. ამიტომ, უპირველესად, ოჯახი გავგზავნე, შემდეგ მეც წამოვედი. დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ქართველი ვარ“.

შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის მიზეზებიც ახსნა:

„ცსკა-მ ოთხწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა ხელს არ ვაწერდი, მინდოდა ჩაწერილიყო პირობა, რომლის მიხედვით შუა სეზონში საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ წასვლას შევძლებდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამასთან, ცსკა ევროპის ერთ-ერთი ტოპ-კლუბია და ევროლიგის მოგების იდეაც მიზიდავდა“.

ნანობს თუ არა მოსკოვში გადასვლას?

„ახლა ვხვდები, რომ ცსკა-ში გადასვლა არ ღირდა. მართალია, პრეზიდენტი, მწვრთნელები, პარტნიორები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო, მაგრამ გულის სიღრმეში ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ. სხვა მოთამაშე და სხვა ადამიანი ვიყავი“.