თორნიკე შენგელია - სეზონის პირველ მიზანს მივაღწიეთ, ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი ტიტულით დაიწყო. ქართველი კალათბურთელის გუნდი იტალიის სუპერთასის მფლობელია. ოთხთა ტურნირის ფინალში ბოლონიელებმა „ბრეშას“ 97:60 მოუგეს.
2023 წლის სუპერთასის MVP შენგელია გახდა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ოლიმპია მილანოსთან“ 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო ფინალში „ბრეშასთან“ – 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი.
ფინალური დაპირისპირების შემდეგ შენგელიამ განაცხადა, რომ გუნდმა სეზონის პირველ მიზანს მიაღწია და საკუთარი თანაგუნდელებით ამაყია.
„გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, რომელიც ყველგან იგრძნობა. სეზონის პირველ მიზანს მივაღწიეთ, იტალიის სუპერთასი მოვიგეთ. ამაყი ვარ ჩემი თანაგუნდელებით, მათ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს.
საკუთარ შედეგზე საუბარი არ მსურს. გუნდურად შესანიშნავად გავისარჯეთ როგორც დაცვაში, ისევე შეტევაში. ვდომინირებდით ფარზე და მეტოქეს კარგად ვუტევდით“, – განაცხადა შენგელიამ.
„ვირტუს ბოლონია“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ ჩაიბარა, იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს 1 ოქტომბერს „სკაფატის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.