თორნიკე შენგელია - საქართველოს ნაკრებმა 16 საუკეთესო გუნდს შორის გასვლით დიდი ისტორია დაწერა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - საქართველოს ნაკრებმა 16 საუკეთესო გუნდს შორის გასვლით დიდი ისტორია დაწერა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზეა. პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ილიას ზუროსის მოთამაშეებმა ვენესუელის ნაკრები 70:59 დაამარცხეს და ტურნირის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

ვენესუელასთან შეხვედრაში გამორჩეული იყო კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 25 ქულა დააგროვა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შენგელიამ აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა დიდი ისტორია დაწერა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული შეხვედრა ჩვენთვის ფინალია. ვენესუელასთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სლოვენიასთან მარცხის შემდეგ მხოლოდ ორი დღე გვქონდა. ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ, ერთად დგომა, ემოციის კონტროლი და გამარჯვება შეგვიძლია.

ვენესუელის ნაკრები რთული მოწინააღმდეგეა. ამ გუნდის კალათბურთელები ხშირად ახერხებენ ჩამორჩენის შემცირებას და მატჩში დაბრუნებას. მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დიდი ისტორია დავწერეთ. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. აღნიშნულ გამარჯვებაზე თაობები ისაუბრებენ.

როგორც კაბო ვერდესთან, ისევე ვენესუელასთან მოგება მნიშვნელოვანი იყო. უკვე ვთქვი, რომ ყველა თამაში ფინალია. საქმე თუ არჩევანზე მიდგება, მაინც ვენესუელასთან გამარჯვებას გამოვარჩევდი, რადგან აქ წარმატებით მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავედით“, – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს – გერმანიას, ხოლო 3 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.