თორნიკე შენგელია პლეი-ოფში ითამაშებს, „ბასკონიამ-„მაკაბი“ დაამარცხა
საკალათბურთო „ევროლიგის“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბასკონიამ“ რვა საუკეთესო გუნდში თამაშის უფლება გაინაღდა. ბასკურმა კლუბმა გუშინ საკუთარ დარბაზში ერთერთი უშუალო კონკურენტი, თელ ავივის „მაკაბი“, ანგარიშით 83-72 დაამარცხა. ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:46 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი, 14 ქულა, გერმანელმა იოჰანეს ვოიტმანმა გააკეთა. 11 ქულაა პატრისიო გარინოს მონაგარი. „ბასკონიამ“ ამ მოგების შემდეგ 6-ე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო ტურში პედრო მარტინესის გუნდი ასუტსაიდერ სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლებს. დღეს ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართება. თუ კაუნასის „ჟალგირისი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ცსკას“-თან წააგებს, „ბასკონია“ აღნიშნულ 6-ე პოზიციას შეინარჩუნებს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ესპანური გუნდი პლეი-ოფში, დიდი ალბათობით, პირეოსის „ოლიმპიაკოსზე“ გავა.
„ხიმკი“-„ფენერბახჩე“ 64-73
„ეფესი“-„ბარსელონა“ 83-107
„ბროზე“-„არმანი“ 78-83