საქართველოს ნაკრებისა და ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია ახალი სეზონისთვის მოსკოვური კლუბის მაისურით ემზადება. ცსკა იასპარეზებს ვითიბი ლიგასა და ევროლიგაზე.
გამოცემა news.ru-ს ჟურნალისტებმა მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაზე ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ თოკოს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით ცსკა ხელს ვერ შეუშლის ქართველის ტრანსფერს თუ მისით NBA-ის გუნდი დაინტერესდება. თოკოს პასუხი ასეთი იყო:
„ნებისმიერ კალათბურთელს სურს NBA-ში საკუთარი თავის გამოცდა. ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის შანსი, საბედნიეროდ, მეც მქონდა. მაშინ NBA-ში მოხვედრა ძალიან მინდოდა, თუმცა ახლა ნებისმიერ ნაბიჯს სწორი გაანალიზება სჭირდება. დასაფიქრებელია, რამდენად წაადგება ამა თუ იმ გუნდში თამაში ჩემს კარიერას. დღეს კარგი გუნდის წევრი ვარ და ევროლიგისთვის ვემზადები. თუ ამერიკიდან შეთავაზებას მივიღებ, დავფიქრდები, თუ არა – არაუშავს.”