თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის უძვირფასესი მოთამაშე გახდა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიის“ ლიდერი თორნიკე შენგელია დაასახელეს.
Lega Basket Serie A-ს მეოთხე ტურში „ვირტუსი“ საკუთარ მოედანზე „სასარის“ დაუპირისპირდა და 88:66 დაამარცხა. შენგელიას ამ მატჩში სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი პასი დააკლდა, ქართველმა 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
„ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ოთხივე მატჩი მოიგო და ლიდერია. ბოლონიელები ასევე წარმატებით თამაშობენ ევროლიგაზე, მათ 3 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ სეზონში უკვე გახდა ერთი ტურნირის გამარჯვებული. „ვირტუსმა“ იტალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო თორნიკე შენგელია იქაც MVP-ი გახდა.