თორნიკე შენგელია - დროა, მოგების გემოც გავიხსენოთ #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - დროა, მოგების გემოც გავიხსენოთ #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა თბილისის საერთაშორისო თასის დაწყებამდე, რომელიც 12-13 აგვისტოს „თბილისი არენაზე“ გაიმართება და, საქართველოს გარდა, იორდანიის, მონტენეგროსა და ირანის ნაკრებები ითამაშებენ.

ნახევარფინალში ჩვენი ეროვნული გუნდი იორდანიას დაუპირისპირდება, ხოლო მონტენეგრო – ირანს. ტურნირი ჩვენი გუlნდისთვის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი ეტაპია. გუნდთან ერთად ემზადებოდა გოგა ბითაძე, რომელიც ტრავმისგან განიკურნა და, დიდი ალბათობით, ხვალ სათამაშოდ მზად იქნება.

საქართველოს პირველ არხთან ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრეს.

სანდრო მამუკელაშვილი: „მზადების პროცესი კარგად მიდის, ბევრს ვვარჯიშობთ და ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. პოზიტიური განწყობით ვართ და მეც კარგ ფორმაში ვარ. ვფიქრობ, წინ კარგი თამაშები გველოდება. ამ ტურნირზე გასამართი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება, რომ ერთმანეთს უკეთ შევეწყოთ და ვისწავლოთ, ვის რა მოწონს და ბიჭები როგორ თამაშობენ. მაქსიმალურად ვეცდებით, კონცენტრირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანზე გადავიტანოთ და კარგად ვითამაშოთ“.

თორნიკე შენგელია: „ბოლო (ოფიციალური) თამაშის შემდეგ გუნდი საკმაოდ განვითარდა, უფრო დალაგებულად და ამავდროულად უფრო სწრაფადაც ვთამაშობთ. ყოველ შემთხვევაში, ვარჯიშებზე ასეა. ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გველოდება და ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სატესტო მატჩია. უკვე დროა, მოგების გემოც გავიხსენოთ. ხვალ აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, მით უფრო, რომ ჩვენი ხალხის წინაშე ვთამაშობთ“.

თბილისის საერთაშორისო თასზე საქართველოს და იორდანიის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 12 აგვისტოს, 19:00 საათიდან შემოთავაზებთ.