თორნიკე შენგელია - ჩემი მთავარი მიზანი NBA-ში თამაშია [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - ჩემი მთავარი მიზანი NBA-ში თამაშია [ვიდეო] #1TVSPORT

გამოცემა „ევროჰუპსმა“ გამოაქვეყნა საინტერესო ინტერვიუ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასთან.

შესავალში ვკითხულობთ: „თორნიკე შენგელია ევროლიგას უბრუნდება. მან ბოლონიის „ვირტუსთან“ ერთად გასულ სეზონში ევროთასი მოიგო და ევროლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა ქართველი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი NBA-ში თამაშია.

2022 წლის 24 აგვისტო შენგელიასთვის დრამატული დღე იყო – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ნიდერლანდებთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და გამოტოვა ევრობასკეტი, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ემზადებოდა და რომელიც მის სამშობლოში გაიმართა.

ქართველმა სუპერვარსკვლავმა სექტემბრის დასაწყისში გააფორმა კონტრაქტი ბოლონიის „ვირტუსთან“, რომელშიც ორი სეზონი დარჩება.

„ზაფხულში ჩემი აგენტი მუშაობდა NBA-ის კლუბებთან. მქონდა არაერთი სხვა საინტერესო შეთავაზება. საბოლოოდ, ჩემს ოჯახთან შეთანხმებით, გადავწყვიტე „ვირტუსში“ დავრჩენილიყავი. ვიცნობ გუნდს, მის სათამაშო სისტემას და მომწონს ეს პროექტი. მშვენიერი მწვრთნელი და გუნდი გვყავს. ქალაქიც ძალიან მომწონს. ბოლონიაში დარჩენა სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადავწყვიტე“.

მხრის ტრავმის გამო თორნიკე შენგელია სეზონის დასაწყისში ვერ ითამაშებს.

„გულდასაწყვეტია, რომ „ვირტუსს“ თავიდანვე ვერ დავეხმარები. თუმცა ტრავმები სპორტის ნაწილია. ვეცდები დავბრუნდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავი. ვიდრე თამაშს შევძლებ, გუნდთან ერთად ვარ და დავეხმარები ისე, როგორც შევძლებ – ვარჯიშებისას, თამაშებისას, თანაგუნდელების გვერდში ვიქნები“.

თორნიკემ გამოტოვა ევრობასკეტი 2022. საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი სავსე ტრიბუნების დახმარებით გასულიყო პლეი ოფში. თავის მხრივ, შენგელიას არ მიეცა შესაძლებლობა ეთამაშა მომავალი თანაგუნდელის წინააღმდეგ – ბელგიელი ისმაელ ბაკო ახალ სეზონში ბოლონიელთა ღირსებას დაიცავს.

„სეზონის წინ „ვირტუსმა“ არაერთი კარგი კალათბურთელი დაიმატა. ბაკო მშვენიერი დამცველია, შეტევაშიც მეტად სასარგებლოა. ბურთის ჩაგდებაც შეუძლია და ფარის საიმედოდ დაცვაც ეხერხება“.

ბოლონიაში ბაკოსთან ერთად ჩავიდა ჯორდან მიკი, რომელიც გასულ სეზონში „ზენიტის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

„ყველამ კარგად იცის, რა შეუძლია ჯორდან მიკის. მას დიდებული კარიერა აქვს, ამ სეზონში ძალიან დაგვეხმარება“.

იტალიის სუპერთასზე, დღეს, 28 სექტემბერს, „ვირტუსი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს თორნიკე შენგელია:

„ამ გუნდების მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია. ასე იყო მანამდეც, ვიდრე ბოლონიაში ჩამოვიდოდი და ასე იქნება ახალ სეზონშიც. ახლა ხომ „ვირტუსიც“ ევროლიგაზე თამაშობს. სხვათა შორის, „მილანმაც“ ბევრი ძლიერი კალათბურთელი დაიმატა, კიდევ უფრო გაძლიერდა. სეზონის განმავლობაში ერთმანეთს ხშირად შევხვდებით, ყველაფერი კი სუპერთასის მატჩით დაიწყება“.