თორნიკე შენგელია - ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ #1TVSPORT
24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მიღებული ტრავმის გამო კაპიტანი თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა. ევრობასკეტის გამართვა „ჯვაროსნებს“ თოკოს გარეშე მოუწევთ.
შენგელიამ გულშემატკივრებს სოციალური მედიის საშუალებით მიმართა:
„ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან.
იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა, მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია.
მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს. თუმცა, დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტივაციას და ძალას შემატებს ჩვენს ბიჭებს.
ჩემზე არ იდარდოთ. ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.
ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენს თითოეულ გამამახნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!”, – წერს შენგელია.