თორნიკე შენგელია - 23 ნომერი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ დავურეკე დანი ჰაკეტს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ივლისში ესპანური „ბასკონიიდან“ მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. ნებისმიერი ახალწვეულისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი ნომრის არჩევაა.
მოგეხსენებათ, თორნიკე საქართველოს ნაკრებშიცა და „ბასკონიაშიც“ 23-ე ნომრად თამაშობს. ცსკა-ში კი ამ ნომრის მაისური გასულ სეზონში იტალიის ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ დანიელ ჰაკეტს ეცვა.
როგორ გადაწყდა #23-ის საკითხი, თორნიკემ ცსკა-ს ჟურნალისტს მოუთხრო.
„ეს ნომერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რატომ, როგორ, ამაზე ზედმეტი მსჯელობა არ მინდა – პირადულია. საერთოდ, კი მოგეხსენებათ, 23 ნომრად მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი თამაშობდა. რადგან„ბასკონიაშიც“ ამ ნომრით გამოვდიოდი, ვჩქარობდი, გამერკვია რა იქნებოდა ცსკა-ში. დავურეკე დანიელ ჰაკეტს, რომელიც გასულ სეზონში 23-ე იყო.
ვუთხარი, შენს ნომერზე მინდა დაგელეპარაკო-მეთქი. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ მითხრა – პრობლემა არ არის, შეგიძლია ცსკა-ში 23 ნომრად ითამაშოო. ცხადია, გამეხარდა. მითუმეტეს, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგავს დანიელ ჰაკეტი, შესანიშნავი პიროვნება და კალათბურთელი.“