თორნიკე რიჟვაძე - ჩემპიონობას ბათუმი და აჭარის რეგიონი თითქმის ერთი საუკუნე ელოდებოდა #1TVSPORT
პირველად ისტორიაში, ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდს ამ წარმატების მისალოცად ანგისას საწვრთნელ ბაზაზე თორნიკე რიჟვაძე ესტუმრა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის გუნდის წევრებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს ეს ისტორიული წარმატება მიულოცა.
„უპირველესად, მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო გამარჯვება, ჩემპიონობა. დააახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, აჭარის რეგიონი ამ დიდ გამარჯვებას. მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემპიონობისკენ სვლა დასრულდა იმ დიდი გამარჯვებით, რასაც ამდენი ხანი ველოდით. ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო სტაფს – მათი დიდი შრომის შედეგია, რომ ბათუმმა ეს დიდი გამარჯვება დაიმსახურა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა ბათუმელ გულშემატკივრებსაც გადაუხადა, გუნდს კი ევროთასებზე საქართველოს სახელის ღირსეული დაცვა უსურვა:
„ამავე დროს, ვულოცავ გუნდის გულშემატკივრებს, „პირატებს“, რომლებიც ახალ სტადიონზე იმ დიდ მუხტს გადმოსცემენ, რაც ახალი დიდი გამარჯვებების დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი ბათუმის „დინამო“ კვლავ არაერთხელ გაგვახარებს და მათით კიდევ არაერთხელ ვიამაყოთ“.
ბათუმის „დინამო“ 1923 წელს დაარსდა. არის საქართველოს თასის (1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998), არის ქვეყნის ოთხგზის ვიცეჩემპიონი (1997–98, 2014–15, 2019, 2020) და ორჯერ ბრინჯაოს მედლების (1996-97, 2016) მფლობელი, მაგრამ 98-წლიან ისტორიაში გუნდმა ოქროს მედლები პირველად მოიპოვა.