თორნიკე ოქრიაშვილმა „აპოელზე“ ილაპარაკა - ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი შეგვიძლია გავხდეთ #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილს „აპოელის“ ოფიციალურმა გვერდმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრების შემტევმა „ანორთოსისიდან“ გადასვლის გადაწყვეტილებაზე და ბოლო დროს გუნდის პროგრესზე ისაუბრა.
„აპოელში“ გადასვლის გადაწყვეტილებაზე
პირველ რიგში, იმიტომ გადავედი, რომ „აპოელს“ დიდი ისტორია აქვს. ამ გუნდს ბავშვობიდან ვიცნობდი. დიახ, სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ კვიპროსში დარჩენა ჯობდა. ვერ ვიტყვი, რომ „აპოელში“ გადასვლა ჩემთვის კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. პირიქით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და მინდოდა მისი წევრი ვყოფილიყავი.
რა ვიცოდი კვიპროსის ფეხბურთის შესახებ ჩამოსვლამდე
სინამდვილეში, მხოლოდ „აპოელსა“ და „ანორთოსისს“ ვიცნობდი. „ანორთოსისს“ თემურ ქეცბაიას წყალობით ვიცნობდი, როდესაც ფეხბურთს თამაშობდა. რაც შეეხება „აპოელს“, ამ გუნდს იმიტომ ვიცნობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. მას ყველა ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობის დიდი ისტორია აქვს. მაგრამ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩებს არ ვუყურებდი.
ფლანგის შემტევი, ათიანი თუ თავდამსხმელი
მრავალი წელი ზურგზე 10 ნომრით ვთამაშობდი. პირველ წლებში შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობდი. მაგრამ რამდენიმე წელი გარემარბიც ვიყავი. ორივე პოზიცია მომწონს და არ მაინტერესებს, ცენტრში ვითამაშებ თუ ფლანგზე.
მიმდინარე სეზონის შესახებ
ვფიქრობ, ეს ყველაზე რთული ჩემპიონატია მას შემდეგ, რაც აქ ვარ. ყველა გუნდი ფორმაშია და ყველა კარგად თამაშობს. ჩვენთვის რთულია, რადგან ახალი შემადგენლობა შეიკრიბა. მოთამაშეებს ერთმანეთის გასაგებად დრო სჭირდებათ. მაგრამ ხედავთ, რომ ახლა ჩვენი ყველას ეშინია. გვაქვს შანსი, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი და გვჯერა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი შეგვიძლია გავხდეთ.
ახლა „აპოელი“ გუნდია
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად შეკრული გუნდი გავხდით. ვხედავ იმას, რასაც პირველ ათ თამაშში ვერ ვავლენდით – ახლა ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თუ ერთმა შეცდომა დაუშვა, მეორე მას აზღვევს. ესაა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ თამაშებს რომ არ წავაგებდით და ასეც გავაგრძელებთ.