თორნიკე ოქრიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 12 ნოემბრის შეხვედრზე კომენტარი გააკეთა – ფამაგუსტას „ანორთოსისისა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ამ შეხვედრის მნიშვნელოაზე ილაპარაკა.
„ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას“, – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ნაკრებში მშვენიერი განწყობაა: „ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ“.
თორნიკე ოქრიაშვილმა ნაკრების გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა: „გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის“.
10 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა სკოპიეში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და დღეს ისინი ჩარტერული რეისით საქართველოში მოემგზავრებიან. ერთა ლიგის ფინალი გაიმართება ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, თბილისის „დინამო არენაზე“. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.