თორნიკე გოგებაშვილი - 100 სტადიონი არის რეალობა, რომელიც შეიქმნება რაგბისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის #1TVSPORT
გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი სტუმრობდა. თორნიკე გოგებაშვილმა გამგეობის ახალ წევრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაანონსა, რომ გამგეობა არჩევითი იქნებოდა:
„პირობა შესრულდა და დღეს გამგეობაში გვყავს ქართული რაგბის ლეგენდები – მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა. მათ დიდი სიტყვა თქვეს ქართული რაგბის ისტორიაში. ეს სიტყვა არ უნდა დასრულდეს და დაიწყოს ქართული რაგბის განვითარებაზე მუშაობა. დავით კაჭარავა იქნება რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო მამუკა გორგოძე გაუძღვება სანაკრებო მიმართულებას.
რაც შეეხება სტრუქტურას. თქვენ გახსოვთ, რომ სტრუქტურა რეალურად საერთოდ არ არსებობდა და ჩამოშლილი იყო. საჭირო გახდა, ამ მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა. ეს პროცესი გარძელდა, რადგან ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ყველა დეტალი ყოფილიყო გათვალისწინებული. რაგბი ცოცხალი ორგანიზმია, მოფრთხილება სჭირდება და შესაბამისად, სტრუქტურა მორგებული უნდა იყოს ამ პროცესებზე, რომ არ იყოს ზედმეტი ბიუროკრატია. ეს პროცესები ოქტომბერში დასრულდება“.
რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი შეეხო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ძირითადად კი რეგიონებში უნდა განხორციელდეს:
„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარეთ შესაბამისი კვლევა. რაგბის ასი სტადიონი – ეს რიცხვი შემთხვევით არ მოსულა და ამის რეალური საჭიროებაა სხვადასხვა რეგიონში. 100 სტადიონი არის რეალობა, რომელიც შეიქმნება რაგბისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ეს არ არის მხოლოდ რაგბისთვის, ეს არის სრულიად ქართული სპორტისთვის, ჩვენი ერისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის“.
თორნიკე გოგებაშვილი ქართულ რაგბიში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასაც შეეხო:
„საკმაოდ დიდი კრიზისი იყო, დაახლოებით 6.5 მილიონი დავალიანება, რომლის ნაწილის დაფრავაც უკვე მოვახერხეთ. წლის ბოოლომდე მთლიანი ვალის დაახლოებით ნახევარი გასტუმრებული იქნება. ჩვენი ვარაუდით, ეს ვალი მომავალი წლის ზაფხული-შემოდგომისკენ სრულად იქნება დაფარული. არ ვჩქარობთ სპონსორობის კუთხით. გვაქვს რამდენიმე კარგი შემოთავაზება, მაგრამ ველოდებით უკეთესს და არ გვინდა, რომ ავჩქარდეთ. არის საინვესტიციო შემოთავაზებებიც და წლის ბოლომდე ამ კუთხითაც დავასრულებთ მუშაობას.“
რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტმა კლუბების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპონსორი გამოჩნდა დაბალი ლიგის ორი კლუბისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თორნიკე გოგებაშვილი ქართული ფრანჩიზას, „შავი ლომის“ პერსპექტივასაც შეეხო და თქვა, რომ ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედ და მომავალ წევრების განვითარებისა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესების კარგ შესაძლებლობას მისცემს.