თორნიკე ახვლედიანი - ქუთაისის „ტორპედო“ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თორნიკე ახვლედიანი - ქუთაისის „ტორპედო“ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი თორნიკე ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ გუნდს ევროთასებისთვის ბრძოლის შანში ჯერ კიდევ გააჩნია. ამის შესახებ 23 წლის თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ბოლო თამაშებში „ტორპედომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა და 3-4 წარმატებული თამაში რომ გადავაბათ, ჩემი აზრით, ევროსაგზურის მოპოვების შანსი რეალური იქნება. ევროსაგზურისთვის თასზეც ვიბრძვით და ჩემპიონატშიც და ვნახოთ. გამოკვეთილი ფავორიტი მესამე ადგილზე არაა და ეს ჩვენი შანსია. მთავარია, კონკრეტული თამაშისთვის ვინ უკეთ მოემზადება“ – ამბობს პირველ არხთან თორნიკე ახვლედიანი.

„რატომ ვერ ვითარდება ჩვენთან საკლუბო ფეხბურთი და რატომ ემშვიდობებიან გუნდები ევროტურნირებს 1-2 ეტაპზე?“ – ფეხბურთელმა, რომელიც კარიერას ესპანეთში იწყებდა და ტოპ-ლიგების პირობები იცის, ამ კითხვაზეც უპასუხა.

„ადრე თუ გვიან ევროტურნირის ჯგუფში ვინმე უნდა გავიდეს. ფეხბურთი ყველამ ისწავლა, თუმცა ჩვენ ხან არ გვიმართლებს, ხან სხვა პრობლემაა. მაგრამ მარტო უიღბლობით წარუმატებლობას ვერ ახსნი, პრობლემა და მიზეზი ჩვენშია. უცხოელებს იშვიათად რომ ვხდებით, არ ვიცით, რა დონეზე ვართ და თავდაჯერებაც გვაკლია და ფინანსებიც. მაგალითად, ზაფხულში „ტორპედოს“ შეკრება იყო. თურქულ გუნდთან თავიდან შიშით გავედით, მაგრამ მერე მივხდით, თამაში შეიძლებოდა და კარგი შედეგებიც ვაჩვენეთ. პრობლემა ხშირად კონცენტრაცია და ბევრი სხვა რამაა“ – აცხადებს ახვლედიანი.