„ტორინოს“ მწვრთნელი - საზონოვი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს #1TVSPORT
„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა გუნდის დაცვის ხაზზე ისაუბრა და კომენტარი საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველზე, საბა საზონოვზე გააკეთა – ინფორმაციას toronews-ი ავრცელებს.
„ივან იურიჩმა მცველებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა გუნდის ახალწვეულზე, საბა საზონოვზე, რომელსაც ტრავმის გამო 21 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ მწვრთნელი მას ძალიან აქებს. ქართველ მცველს მოუწევს მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. ჯერ კიდევ რთულია მისი თამაშის შეფასება, რადგან აქამდე მხოლოდ 129 წუთი გაატარა მოედანზე, ამიტომ იურიჩის დადებითი სიტყვები განსაკუთრებით დასაფასებელია და ფეხბურთელს მოტივაციას მატებს“, – წერს toronews-ი და „ტორინოს“ მწვრთნელის სიტყვებს აქვეყნებს.
„საზონოვი იმ მოთამაშეთაგანია, ვისთვისაც არაფერს დავიშურებდი. მას გიჟური მენტალიტეტი აქვს – ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს, ის პროგრესირებს და ეს არ არის იოლი უთამაშებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩემპიონატში გუნდს დაეხმარება.
ძალიან კმაყოფილი ვარ, თუ როგორ მიუდგა საზონოვი „ტორინოში“ გადასვლას, რადგან იცოდა, რომ სხვა ტიპის ფეხბურთის თამაში მოუწევდა და რომ ეს დიდი გამოწვევა იყო. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შრომობს, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის მაქსიმუმს მიაღწევს“, – განაცხადა ივან იურიჩმა.