„ტორინოს“ მწვრთნელი - იმედი გვაქვს, საზონოვი გუნდს მალე შეეწყობა #1TVSPORT
„ტორინოს“ მწვრთნელმა, ივან იურიჩმა „ლაციოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ შეხვედრა DAZN-თან ინტერვიუში შეაფასა და საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის სადებიუტო მატჩზეც ისაუბრა.
„კარგად დავიწყეთ და თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველი ბურთის გაშვების შემდეგ ყველაფერი გართულდა. ამის შემდეგაც შეგვეძლო, უფრო თამამად შეგვეტია, მაგრამ წინა ტურში ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ და ძალები დაგვაკლდა. ალესანდრო ბონჯორნომ ტკივილი იგრძნო და საბა საზონოვით ამიტომ შევცვალეთ. არადა, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა მას შემდეგ, რაც ორი მცველი დაგვაკლდა.
იმედია, საზონოვი გუნდს მალე შეეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვაში სერიოზულად კრიტიკული მდგომარეობა შეგვექმნება. ახლა საზონოვთან ერთად მხოლოდ სამი მცველი გვყავს, რომლებიც ახლახან მოვიდნენ და მათ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. ჩვენი დაცვის საიმედოობის გარანტი მხოლოდ ის იქნება, თუ რომელიმე ბონჯორნოს მსგავსად საიმედოდ ითამაშებს“, – ამბობს „ტორინოს“ მწვრთნელი.
სერია A-ს მომდევნო ტურში „ტორინო“ „ჰელას ვერონას“ შეხვდება. საბა საზონოვის გუნდი შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს – როგორც მწვრთნელის სიტყვებიდან ჩანს, „ჯვაროსნების“ მცველს აქვს შანსი, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ტრავმების გამო სასტარტო თერთმეტეულში მოხვდეს.