ტონი პარკერი თვლის, რომ „სან ანტონიო“ მის თავისუფალ აგენტობას არასერიოზულად მიუდგა
როდესაც ტონი პარკერმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა „სან ანტონიო“, ეს საკალათბურთო სამყაროსთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. აქამდე გრეგ პოპოვიჩის გუნდი ბევრ კალათბურთელს დაუტოვებია, თუმცა არა იმ ლეგენდარული სამეულიდან, რომელმაც „სპურსთან“ ერთად არაერთი ნბა-ს ბეჭედი მოიგო. მანუ ჯინობილიმ და ტიმ დანკანმა კარიერა სწორედ „სან ანტონიოში“ დაასრულეს. ტონი პარკერმა კი განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის დასასრულს გუნდის შეცვლა არჩია.
ვეტერანი გამთამაშებელი ამჟამად „შარლოტის“ ღირსებას იცავს. ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში პარკერმა განმარტა თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. როდესაც მას კონტრაქტი ამოეწურა, იმ პერიოდში როდესაც პარკერი თავისუფალი აგენტი იყო, „სან ანტონიომ“ სურვილი არ გამოთქვა მასთან თანამშრომლობის. სწორედ ამიტომ ის თავად დაუკავშირდა “შარლოტს” და “ჰორნეთსისგან” თანხმობა მიიღო. ცნობილი ფრანგის თქმით დაინტერესება და მისი შენარჩუნება “სპურსმა” არც მას შემდეგ ისურვა, რაც “შარლოტში“ გადასვლის შესახებ შეიტყო.