ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ გერმანელ ნახევარმცველთან, ტონი კროოსთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
„სამეფო კლუბის“ უკანასკნელი პერიოდის წარმატებების ერთ-ერთი სიმბოლო გუნდში 2014 წლის ზაფხულიდან ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი მას მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
როგორც გამოცემა იუწყება, მხარეები ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებენ და ტონი კროოსი „რეალში” 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ ასევე 2024 წლის ზაფხულის ჩათვლით კლუბი ლუკა მოდრიჩსაც შეინარჩუნებს.
მადრიდის „რეალის“ ქომაგები დიდი ხნის მანძილზე შიშობდნენ, რომ კროოსი გუნდიდან ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავიდოდა, თუმცა მათთვის საბედნიეროდ, სიტუაცია შეიცვალა.
გერმანელმა „სამეფო კლუბთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო (2016, 2017, 2018, 2022), ხოლო სამჯერ ლა ლიგის გამარჯვებული (2017, 2020, 2022) გახდა.