თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამინდელი პრეზიდენტი თომას ბახი ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იქნება, – განცხადება ეთიკის კომისიის ხელმძღვანელმა, პან გი მუნმა გააკეთა.
IOC-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა.
საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის მარტში, IOC-ის ათენის 137-ე სესიაზე გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ახალი ვადით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიკავებს, რომელსაც იაპონიის დედაქალაქი (23 ივლისი – 8 აგვისტოს ჩათვლით) უმასპინძლებს.
თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ხელახალი არჩევის შემდეგ, მისი ახალი საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს ამოიწურება. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, IOC-ის პრეზიდენტს პირველად რვა წლით ირჩევენ, მეორე და ბოლო ვადა კი ოთხი წელია.