თომას ბახი რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციაზე - ჩვენ არ მოვექცევით იაფფასიანი არგუმენტის ხაფანგში, თითქოს ეს ყველაფერი სპორტის პოლიტიზაციაა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ისევ გამოვიდა მოწოდებით – უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე. ბახმა ასევე განაცხადა, რომ არ მიაჩნია აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად.
„სპორტული ტურნირები ან ღონისძიებები არ უნდა ტარდებოდეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე. ოლიმპიური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყნების ეროვნული და სახელმწიფო სიმბოლოების დემონსტრირება. ჩვენ არ მოვხვდებით იაფფასიანი არგუმენტის ხაფანგში, რომ ეს ყველაფერი სპორტის პოლიტიზაციაა და ეწინააღდეგება ოლიმპიურ ქარტიას, რომელიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ითხოვს. მას, ვინც ასე უხეშად არღვევს ოლიმპიურ ზავს პოლიტიკური და საომარი მეთოდებით, არ აქვს უფლება სანქციებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდოს.
ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოში თითოეულ სპორტულ ორგანიზაციას – რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვებით დაიცვას თავისი ტურნირების მთლიანობა, სამართლიანობა და უსაფრთხოება. ასეთ მიდგომას იზიარებენ ის სპორტული ორგანიზაციებიც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ“, – დაწერა ბახმა თავის მიმართვაში, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.