თომას ბახი მესამე ვადით გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი #1TVSPORT
ოთხშაბათს დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 137-ე სესია, რომლის მთავარი მოვლენა იყო ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. ერთადერთი კანდიდატი გერმანელი თომას ბახი გახლდათ, რომელიც ამ პოსტს 2013 წლიდან იკავებს.
საბოლოოდ, 67 წლის ბახი ახალი და საბოლოო ოთხწლიანი ვადით (2025 წლამდე) აირჩიეს. მას ხმა მისცა კომიტეტის 93-მა წევრმა, ერთი წინააღმდეგი წავიდა და ოთხმა თავი შეიკავა.
თავდაპირველი გეგმით, სესია საბერძნეთის დედაქალაქ ათენში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს.
თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად 2013 წელს, ბუენოს აირესში აირჩიეს – მან ამ პოსტზე ბელგიელი ჟაკ როგე შეცვალა. გერმანელის პრეზიდენტობისას ისეთ სპორტულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, როგორიც იყო დოპინგ-სკანდალი რუსულ სპორტში და ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადება. იაპონიის დედაქალაქში გასამართი თამაშებისთვის მზადებაზე სესიაზე 11 მარტს იმსჯელებენ.