ტომ კლევერლი - გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობა ისეთი მძიმე არაა, როგორიც გვეგონა #1TVSPORT
ინგლისური „უოტფორდის“ ახალი მწვრთნელი ტომ კლევერლი გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაციას ოპტიმიზმით უყურებს. როგორც მან კლუბის პრესსამსახურთან განაცხადა, ის, შესაძლოა, იმაზე ადრე დაბრუნდეს, ვიდრე ელოდნენ.
„გიორგის მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც გვეგონა. მას კოჭი ტკივა, სისხლჩაქცევები აქვს, მაგრამ იმედია, მალე დაგვიბრუნდება“, – განმარტა კლევერლიმ.
ჩაკვეტაძემ ტრავმა „ქოვენთრი სიტისთან“ მატჩისას მიიღო. ქართველი ფეხბურთელი ვილი სანიოლმა ლუქსემბურგის ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. წყვილის გამარჯვებული 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უძლიერესს უმასპინძლებს.