თოლორდავამ სერბეთში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „რადნიჩკიში“ გადასვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია #1TVSPORT
თოლორდავამ სერბეთში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „რადნიჩკიში“ გადასვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია #1TVSPORT

ნიშის „რადნიჩკის“ ქართველმა ახალწვეულმა, „თელავის“ ექს-კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ სერბულ გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„როცა „რადნიჩკიში“ გადასვლის შესაძლებლობა მომეცა, ინტერნეტში კლუბის შესახებ ინფორმაციას ვეძებდი. დავინახე, რომ ეს დიდი და სერიოზული კლუბია, დიდი ტრადიციით. მე მომეწონა ყველაფერი, რაც წავიკითხე და ამან დამარწმუნა, რომ საჭირო ადგილას მივდიოდი და რომ ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. კლუბთან ერთად სრულფასოვანი შეკრება გავიარე, გავიცანი ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი სივიჩის თამაშის ფილოსოფია“, – ამბობს თოლორდავა.

„თელავის“ ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური მცველი სერბულ გუნდში არსებულ გარემოზეც საუბრობს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. ამ ბიჭებთან ერთად ახალ სეზონში კლუბის საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებ. ძლიერი კონკურენცია გუნდში ყველა პოზიციაზე იძლევა იმის გარანტიას, რომ ვერავინ მოდუნდება და რომ ყველა მოთამაშემ უნდა გაიღოს თავისი მაქსიმუმი. გპირდებით, რომ ყველა მატჩში ყველაფერს გავაკეთებ, რომ „რადნიჩკიმ“ მიზანს მიაღწიოს“.

25 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში „თელავის“ შემადგენლობაში 16-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია ესტონურ „ლევადიაში“, სადაც 2021 წელს ესტონეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. კლუბის ცნობით, თოლორდავა „რადნიჩკის“ სლოვენიური შეკრების დროს შეუერთდა, ტესტ-მატჩებში კარგად ითამაშა და გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

თოლორდავამ „რადნიჩკის“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა. სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მისი გუნდი ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. ქართველი მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე წუთზე ბურთზე ხელით თამაშისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მისი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, საბოლოოდ კი „რადნიჩკი“ 0:4 დამარცხდა.