საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნეს წესების ჩამონათვალი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ზაფხულის თამაშების დროს.
ოლიმპიადის მონაწილეებმა რეგულარული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ჯანდაცვის ორგანოებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამისთვის ისინი გამოიყენებენ სპეციალურ აპლიკაციას მობილურ ტელეფონში. ასევე სპორტსმენები იძულებულნი იქნებიან წარმოადგინონ სავარაუდო ახლო კონტაქტების სია.
ოლიმპიური სოფლის მცხოვრებლებისთვის შემოიღებენ კოლეგებთან ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვას. მათ მოუწევთ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, რაც, შესაბამისად, გამორიცხავს სექსუალურ კონტაქტებს.
ასევე სპორტსმენებს აკრძალული ექნებათ სტარტებზე დასწრება მაყურებლის რანგში. გარდა ამისა, არ შეეძლებათ პირველი 14 დღის განმავლობაში ბარებში შესვლა და ტურისტული ადგილების მონახულება.
სპორტსმენებმა უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი იაპონიაში ჩასვლამდე და შემდეგ რეგულარულად უნდა შემოწმდნენ COVID-19-ზე.
მოთხოვნების სრული სიის გაცნობა შესაძლებელია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.